რა რიგ გათვითცნობიერებულნი არ უნდა ვიყოთ, მაინც ყველაზე ნაკლები ცოდნა გაგვაჩნია ბავშვის ფსიქიკასა და ფსიქოლოგიაში. ოჯახში ხასიათისა თუ მისი გამოვლენის შეფასებაში ვხელმძღვანელობთ უფროსი თაობის გამოცდილებით. ეს კი საკმაოდ სერიოზული და რთული მეცნიერება, რომლის ელემენტარული საფუძვლების ცოდნა სავალდებულოა ყველა მშობლისათვის. გაეცანით სპეციალისტების რეკომენდაციებს, შეეხმიანეთ მათ, მიიღეთ განმარტება.
დაბადების მომენტიდან ბავშვი აქტიურად იკვლევს უშუალოდ მის გარშემო მყოფ სამყაროს, პირველ რიგში მის სიახლოვეში მოძრავ ან ცვალებად ობიექტებს. პარალელურად მიმდინარეობს მისი სმენითი და ვიზუალური აღქმის კოორდინაცია. ანუ ამ ეტაპზე ბავშვისათვის დამახასიათებელია კვლევითი ქცევა.
ბავშვის განვითარების შემდგომი ეტაპის მახასიათებელია მისი მოტორული განვითარება. სხვა და სხვა ასაკის ბავშვთა მოძრაობითი ქცევის დაფიქსირებისა და ანალიზის საფუძველზე იელის (ა.შ.შ.) უნივერსიტეტის მკვლევარმა ა. გეზელმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს ბავშვის ასაკის შესაბამისი მოტორული განვითარების კანონზომიერებები. ამის გარდა მათ გამოიკვლიეს ბავშვის მეტყველებითი და ადაპტიური ქცევა, მისი ქცევა ჯგუფში. ამ კვლევებს ძირითადად ეყრდნობა ფსიქიკური განვითარების თანამედროვე სკალები, მათ შორის ბეილის სახელწოდებით ცნობილი სკალები, რომლებიც იძლევიან საშუალებას შევაფასოთ ორი წლის ასაკამდე ბავშვის მოტორული, მეტყველებითი და ადაპტიური განვითარება.
ემოციური განვითარება. ერთ ერთი საინტერესო ჰიპოთეზის თანახმად ბავშვის განვითარების საწყის ხანას ახასიათებს შეზღუდული რაოდენობის, ეგრეთწოდებული, საბაზისო თანდაყოლილი ემოციები, რომლებსაც იგი ავლენს თანდათან. ამ ემოციათა რიცხვს მიეკუთვნება შიში, უკმაყოფილება, განრისხება, სიხარული, გაკვირვება და რიგი სხვა.
- მათ იწვევენ სპეციფიკური სიტუაციები
- ისინი ხასიათდებიან შესატყვისი (გამოსაცნობი) სპეციფიკური მიმიკური გამომეტყველებით
- მათ თან ახლავთ ასევე შესატყვისი ქცევა
მაგალითად, ბავშვის მოძრაობაში ან ქმედებაში ჩარევა იწვევს მის გარისხვას და ამ ემოციას თან მოჰყვება შესატყვისი მიმიკა და ქცევა, რომელთა ამოცნობაც ადვილია ადრეული ასაკიდანვე.
|
|